Google One-ის დამატებითი მომსახურების პირობები

ბოლო ცვლილება: 11 ნოემბერი, 2025 |

იმისათვის, რომ გამოიყენოთ Google One, თქვენ უნდა დაეთანხმოთ (1) Google-ის მომსახურების პირობებსა და (2) Google One-ის მომსახურების დამატებით პირობებს („დამატებითი პირობები“). იმ პირობების მნიშვნელობები, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ დამატებით პირობებში, მოცემულია Google-ის მომსახურების პირობებში.

გთხოვთ, ზედმიწევნით გაეცნოთ ამ დოკუმენტებს. ეს დოკუმენტები ერთობლივად ცნობილია, როგორც „პირობები“. მათში განსაზღვრულია, თუ რისი მოლოდინი შეიძლება გქონდეთ ჩვენგან, როდესაც სარგებლობთ ჩვენი სერვისებით და ასევე, რას ველოდებით თქვენგან.

გარდა ამისა, მოგიწოდებთ, გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის დებულებას, რათა უკეთ გაიგოთ, თუ როგორ შეგიძლიათ თქვენი ინფორმაციის განახლება, მართვა, გატანა და წაშლა.

1. ჩვენი სერვისი

Google One გთავაზობთ გამოწერის გეგმებს თავისი მეხსიერებით, რომელიც საზიაროა Gmail-ისთვის, Google Photos-თვისა და Google Drive-სთვის; და გამოწერის გეგმებს დამატებითი უპირატესობებით, რომლებიც უზრუნველყოფილია Google-ის ან მესამე მხარის მიერ. Google One ასევე გთავაზობთ გამოწერის გეგმებსა და ხელოვნური ინტელექტის კრედიტებს, რომლებითაც შესაძლებელია წვდომის მოპოვება Google-ის ხელოვნური ინტელექტის ზოგიერთ ფუნქციაზე. თქვენ მიერ Google-ის ან მესამე მხარის დამატებითი უპირატესობების გამოყენებაზე ვრცელდება მომსახურების პირობები, რომლებშიც განსაზღვრულია ასეთი უპირატესობების გამოყენება. ზოგიერთი უპირატესობა შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში. გარდა ამისა, მათზე შესაძლოა მოქმედებდეს სხვა შეზღუდვებიც. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Google One-ის დახმარების ცენტრს.

Google One-ის სერვისი უზრუნველყოფილია Google-ის ერთეულის მიერ, რომელიც განსაზღვრულია Google-ის მომსახურების პირობებში. როდესაც შეიძენთ Google One-ის გამოწერას ან ხელოვნური ინტელექტის კრედიტებს, თქვენ ცალკე შეთანხმებას დებთ გამყიდველთან, რომელიც შესაძლოა იყოს Google-ის ერთეული (იხილეთ სექცია 2) ან მესამე მხარე. თუ სარგებლობთ Google One-ის გამოწერით მესამე ან აფილირებული მხარის მეშვეობით, თქვენს გამოწერაზე შესაძლოა გავრცელდეს დამატებითი პირობები, რომლებსაც განსაზღვრავს აღნიშნული მესამე ან აფილირებული მხარე.

ხელოვნური ინტელექტის კრედიტები

თქვენ შეგიძლიათ ხელოვნური ინტელექტის კრედიტების გამოყენება იმისათვის, რომ დაამუშაოთ თქვენი მოთხოვნები ხელოვნური ინტელექტის შესაბამის ფუნქციებში. კონკრეტული მოქმედების განსახორციელებლად (მაგ. ვიდეოს დასაგენერირებლად) საჭირო კრედიტების რაოდენობას შეიტყობთ შესაბამის პროდუქტსა თუ ფუნქციაში. Google იტოვებს უფლებას, შეცვალოს ხელოვნური ინტელექტის ფუნქციის გამოყენების საკრედიტო ფასი. ხელოვნური ინტელექტის კრედიტების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის იმ ფუნქციებზე წვდომის მისაღებად, რომელთა ხელმისაწვდომობასაც დროდადრო Google განსაზღვრავს.

ხელოვნური ინტელექტის კრედიტებს კონკრეტული პერიოდის შემდგომ შესაძლოა ვადა ამოეწუროს. ეს ვადა განსაზღვრულია მათი შეძენის დროს.

თქვენი უფლება ან საკუთრება არ ვრცელდება ხელოვნური ინტელექტის კრედიტებზე, გარდა ამ პირობებში აღწერილი შემთხვევებისა. დაუშვებელია ხელოვნური ინტელექტის კრედიტების მიყიდვა ან გადაცემა (ან აღნიშნული ქმედებების მცდელობა) სხვა მომხმარებლისთვის ან ანგარიშისთვის. თქვენ წინასწარ იხდით ხელოვნური ინტელექტის კონკრეტული ფუნქციების გამოყენების საფასურს, ხელოვნური ინტელექტის კრედიტების შეძენის გზით. ხელოვნური ინტელექტის კრედიტები არ წარმოადგენს ციფრულ ვალუტას, ფასიან ქაღალდს, ცალკეულ პროდუქტს ან სხვა სახის ფინანსურ ინსტრუმენტს. მათ ნაცვლად ფულადი სარგებლის მიღება არ არის შესაძლებელი. ხელოვნური ინტელექტის კრედიტების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ Google-ის ეკოსისტემაში დაკონკრეტებული ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებისთვის. ხელოვნური ინტელექტის კრედიტების გამოუყენებელი ნაწილი შესაძლოა ჩამორთმეულ იქნას Google One-ის გეგმის შეწყვეტის ან გაუქმების შემთხვევაში, მოქმედი ანაზღაურების დებულების შესაბამისად.

შეიტყვეთ მეტი ხელოვნური ინტელექტის კრედიტების შესახებ, აქ.

2. შეძენა და გადახდა

Google One-ის გამოწერებს არ აქვს განსაზღვრული ვადა. გამოწერის თანხა ჩამოგეჭრებათ ყოველი ბილინგის ციკლის დასაწყისში, თქვენი გამოწერის პირობებში განსაზღვრული სიხშირით (მაგალითად, თვიურად, წლიურად თუ სხვა სიხშირით). თანხა ჩამოგეჭრებათ მანამ, სანამ არ გააუქმებთ გამოწერას.

როდესაც შეიძენთ Google One-ის გამოწერას ან ხელოვნური ინტელექტის კრედიტებს, თქვენს შენაძენზე გავრცელდება გამყიდველის ცალკეული პირობები. მაგალითად, როდესაც დარეგისტრირდებით Google One-ის გამოწერაზე ან შეიძენთ ხელოვნური ინტელექტის კრედიტებს Google Play Store-დან, თქვენს შენაძენზე გავრცელდება Google Play-ის მომსახურების პირობები.

Google One-ის გამოწერის ან ხელოვნური ინტელექტის კრედიტების გამყიდველი Google Play Store-ში არის:

  • მომხმარებლებისთვის ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში: Google Commerce Limited
  • მომხმარებლებისთვის ინდოეთში: Google Ireland Limited
  • მომხმარებლებისთვის აზიის დანარჩენ ნაწილსა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში: Google Digital Inc.
  • მომხმარებლებისთვის აშშ-სა და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში: Google LLC.

როდესაც შეიძენთ Google One-ის გამოწერას ან ხელოვნური ინტელექტის კრედიტებს მესამე ან აფილირებული მხარის მეშვეობით, აღნიშნული მესამე ან აფილირებული მხარე ჩამოაჭრის თანხას თქვენს გადახდის მეთოდს. ის ასევე პასუხისმგებელი იქნება თქვენს გადახდასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის, მათ შორის გაუქმებისა და თანხის დაბრუნების მართვაზე.

თუ გამყიდველს არ შეუძლია, რომ ჩამოგაჭრათ Google One-ის გამოწერის საფასური, თქვენ ვერ შეძლებთ Google One-ით სარგებლობას მანამ, სანამ არ განაახლებთ გადახდის საშუალებას გამყიდველთან. თუ შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში ვერ განაახლებთ თქვენი გადახდის ფორმას, ჩვენ შესაძლოა გავაუქმოთ ან შევაჩეროთ თქვენი წვდომა Google One-ზე.

3. ფასები და შეთავაზებები

შეთავაზებები. შესაძლოა, დროდადრო შემოგთავაზოთ Google One-ის გამოწერის საცდელი პერიოდები, საფასურის გარეშე. თუ შეიძენთ Google One-ის გამოწერას, რომელიც მოიცავს საცდელ პერიოდს, თქვენ მიიღებთ წვდომას Google One-ზე საცდელი პერიოდის განმავლობაში. მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, გამყიდველთან გადახდის შესაფერისი ფორმის წარდგენის შემთხვევაში, საცდელი პერიოდის დასრულების შემდგომ თქვენ ავტომატურად ჩამოგეჭრებათ გამოწერის საფასური ყოველი ბილინგის ციკლის დროს. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ გააუქმებთ გამოწერას. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ თანხის ჩამოჭრა, აუცილებელია თქვენი გამოწერის გაუქმება გამყიდველთან მანამ, სანამ საცდელი პერიოდი დასრულდება. შესაძლოა, ასევე დროდადრო შემოგთავაზოთ ფასდაკლებები Google One-ის გამოწერებზე. ამ შეთავაზებებზე შესაძლოა გავრცელდეს მომსახურების დამატებითი პირობები, მათ შორის საკვალიფიკაციო კრიტერიუმები. ნებისმიერი ასეთი დამატებითი პირობა თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება შეთავაზებების გამოყენებამდე ან შეძენამდე. შეთავაზებები ბათილია იქ, სადაც ისინი კანონით აკრძალული ან შეზღუდულია.

ფასების ცვლილებები. ჩვენ შესაძლოა დროდადრო შევცვალოთ Google One-ის გამოწერების ან ხელოვნური ინტელექტის კრედიტების ფასები, მაგალითად, იმისათვის, რომ ავსახოთ ინფლაციის გავლენა, ცვლილებები მოქმედ გადასახადებში, სარეკლამო შეთავაზებებში, Google One-სა და ბიზნესის საჭიროებებში. Google One-ის გამოწერების საფასურთან დაკავშირებული ცვლილებები ამოქმედდება თქვენი მიმდინარე გადახდის პერიოდის დასრულების შემდგომ და მას შემდეგ, რაც მიიღებთ შეტყობინებას თქვენი შემდეგი გადასახადის შესახებ. ფასის გაზრდის შესახებ წინასწარ შეგატყობინებთ თანხის ჩამოჭრამდე მინიმუმ 30 დღით ადრე. თუ წინასწარი შეტყობინება მიიღეთ, როდესაც თანხის ჩამოჭრამდე დარჩენილია 30 დღეზე ნაკლები, ცვლილება მხოლოდ მომდევნო გადახდის თარიღის შემდეგ ამოქმედდება. თუ თქვენ არ გსურთ Google One-ის გამოწერით სარგებლობის გაგრძელება ახალ ფასად, თქვენ შეგიძლიათ გამოწერის გაუქმება ამ პირობების გაუქმების სექციაში აღწერილი წესების დაცვით. თქვენ აღარ ჩამოგეჭრებათ გამოწერის თანხა, იმ პირობით, თუ თქვენ შეგვატყობინებთ ამის შესახებ მიმდინარე გადახდის პერიოდის დასრულებამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც ფასი იმატებს და საჭიროა თანხმობა, თქვენი გამოწერა შეიძლება გაუქმდეს, თუ ახალ ფასს არ დაეთანხმებით.

4. გაუქმება და თანხის დაბრუნება

გაუქმება და ხელშეკრულების უარყოფა. თუ გააუქმებთ გამოწერას, თქვენ შეინარჩუნებთ წვდომას Google One-ზე მიმდინარე ბილინგის ციკლის პერიოდის დასრულებამდე. ეს არ ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც თქვენ უფლება გაქვთ დაუყოვნებლივ გააუქმოთ გამოწერა ან სარგებლობთ გაუქმების ან ხელშეკრულების უარყოფის სხვა უფლებებით, რომლებიც აღწერილია დახმარების ცენტრში. თუ გაქვთ ხელშეკრულების უარყოფის უფლება და გსურთ მისი გამოყენება, თქვენი გადაწყვეტილება ცალსახად გამოხატული განცხადებით უნდა აცნობოთ გამყიდველს, რომლისგანაც შეიძინეთ პროდუქტი. თუ მომსახურების გაწევის დაწყებას ხელშეკრულებიდან გასვლის პერიოდში მოითხოვთ, შესაძლოა მოგიწიოთ პროპორციულად გამოთვლილი თანხის გადახდა, ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ გამყიდველის ინფორმირებამდე გაწეული მომსახურების შესაბამისად.

თუ გადაწყვეტთ Google One-ის წაშლას მომსახურების წაშლის მეშვეობით, მაშინ აცხადებთ თანხმობას, რომ შესაძლოა, დაუყოვნებლივ დაკარგოთ წვდომა Google One-ის მომსახურებაზე. თუ გსურთ Google One-ის მომსახურებაზე წვდომის შენარჩუნება ბილინგის ციკლის ბოლომდე, გთხოვთ, Google One-ის წაშლის ნაცვლად, გააუქმოთ მისი გამოწერა.

თანხის დაბრუნება. თუ შეიძინეთ Google One-ის გამოწერა ან ხელოვნური ინტელექტის კრედიტები, მათზე გავრცელდება თანხის ანაზღაურების დებულება. თანხის დაბრუნების მოთხოვნისთვის დაუკავშირდით გამყიდველს, რომლისგანაც შეიძინეთ პროდუქტი. თქვენ შეიძლება სარგებლობდეთ მომხმარებლის შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით, რომლებიც კონტრაქტით ვერ შეგეზღუდებათ. ეს პირობები არ ზღუდავს ამ უფლებებს.

5. მომხმარებლის მხარდაჭერა

Google One შეიძლება მოიცავდეს წვდომას მომხმარებლის მხარდაჭერაზე Google-ის გარკვეულ სერვისებში. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მხარდაჭერა ვერ გეხმარებათ თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში, ჩვენ შესაძლოა გადაგამისამართოთ Google-ის შესაბამისი სერვისის მომხმარებლის მხარდაჭერის სერვისთან. თუ თქვენი Google One-ის გამოწერა გაუქმებული ან შეჩერებულია, შესაძლოა შეჩერდეს კლიენტთა მხარდაჭერის მიერ თქვენი საკითხების დამუშავების პროცესი და გამოწერის აღდგენის შემთხვევაში მოგიწიოთ ახალი მოთხოვნის გაგზავნა. გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენი დახმარების ცენტრს, რათა შეიტყოთ მეტი მომხმარებლის მხარდაჭერის შესახებ.

6. ოჯახთან გაზიარება

თქვენი Google One-ის გამოწერა შესაძლოა უფლებას გაძლევდეთ, გააზიაროთ ზოგიერთი უპირატესობა თქვენი ოჯახის ჯგუფთან („ოჯახთან გაზიარება“). თუ არ გსურთ უპირატესობების გაზიარება თქვენს ოჯახის ჯგუფთან, უნდა გამორთოთ Google One-ის ოჯახთან გაზიარების ფუნქცია ან დატოვოთ ოჯახის ჯგუფი. მხოლოდ Google One-ის გეგმის მმართველებს შეუძლიათ Google One-ის გამოწერაში ოჯახის წევრების დამატება და ოჯახთან გაზიარების ფუნქციის ჩართვა და გამორთვა. ეწვიეთ ჩვენი დახმარების ცენტრს, რათა შეიტყოთ მეტი ოჯახთან გაზიარების შესახებ.

თუ Google One-ის ოჯახის ჯგუფის წევრი ხართ, თქვენი ოჯახის ჯგუფის წევრები შეძლებენ თქვენ შესახებ გარკვეული ინფორმაციის ნახვას. მაგალითად, როდესაც Google One-ის ოჯახთან გაზიარების ფუნქცია ჩართული იქნება და თქვენ შეუერთდებით ოჯახის ჯგუფს, ოჯახის ჯგუფის სხვა წევრებმა (და მოწვეულმა მომხმარებლებმა) შესაძლოა დაინახონ თქვენი სახელი, ფოტო, ელფოსტის მისამართი, მოწყობილობები, რომელთა სარეზერვო ასლიც გაქვთ შექმნილი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებული კრედიტები და თქვენ მიერ გამოყენებული მეხსიერების რაოდენობა. ოჯახის ჯგუფის წევრებმა ასევე შესაძლოა დაინახონ, თუ ოჯახის წევრმა გამოიყენა Google One-ის გამოწერით გათვალისწინებული დამატებითი უპირატესობები.

თუ თქვენ ხართ Google One-ის გეგმის მმართველი თქვენი ოჯახის ჯგუფში და გამორთავთ ოჯახთან გაზიარების ფუნქციას ან დატოვებთ ოჯახის ჯგუფს, ოჯახის ჯგუფის სხვა წევრები დაკარგავენ წვდომას Google One-ის გამოწერაზე. თუ Google One-ზე წვდომა მოგენიჭათ თქვენი Google One-ის გეგმის მმართველის მიერ ოჯახთან გაზიარების ფუნქციის მეშვეობით, Google One-ზე წვდომას დაკარგავთ, თუ გახვალთ ოჯახის ჯგუფიდან ან თუ თქვენი Google One-ის გეგმის მმართველი გათიშავს ოჯახთან გაზიარების ფუნქციას ან თვითონ დატოვებს ოჯახის ჯგუფს.

7. მობილური სარეზერვო ასლი და აღდგენა

Google One შეიძლება მოიცავდეს აღდგენისა და მონაცემთა სარეზერვო ასლის გაუმჯობესებულ ფუნქციებს („სარეზერვო ასლი და აღდგენა“) შესაბამისი მობილური მოწყობილობებისათვის. სარეზერვო ასლის შექმნისა და აღდგენის ფუნქციების გამოყენებას შესაძლოა დასჭირდეს დამატებითი აპლიკაციების (მაგალითად, Google Photos) ინსტალაცია და აქტივაცია. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ სარეზერვო ასლისა და აღდგენის ფუნქციების პარამეტრები ნებისმიერ დროს, Google One-ის აპლიკაციაში. თუ თქვენი Google One-ის გამოწერა შეჩერებული ან გაუქმებულია, გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა დაკარგოთ წვდომა სარეზერვო ასლისა და აღდგენის ფუნქციებით შენახულ მონაცემებზე, Android-ის სარეზერვო ასლის შესახებ წესების შესაბამისად.